საგარეო დაზვერვის შეფი გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ "პროვოკაციის საფრთხეები რეალურად არსებობს". ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მან ა სხდომაზე დეპუტატებს გააცნო, როგორც საგარეო დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე ის თუ რა გააკეთა ამ უწყებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში.
როგორც ბეჟუაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე პროვოკაციების რისკები რეალურია, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ პანკისის საკითხის გამოყოფა მართებული არ იქნებოდა.
"პანკისთან დაკავშირებით პროვოკაციის შესაძლებლობა რა თქმა უნდა, რეალურია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ვერსია და მიგვაჩნია, რომ ეს იყო რუსეთის მიერ პროვოკაციული განცხადება მათი მხრიდან შემოგდებული თემა, რათა ეს სკაითხი წამოწეულიყო წინ", - აცხადებს ბეჟუაშვილი და დასძენს, რომ პროვოკაციის საფრთხეები არსებობს მთელ სასაზღვრო პერიმეტრზე და ასევე საზღვაო ზოლზეც.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ იქნება პროვოკაციები და ჩვენ ვმუშაობთ ამ პროვოკაციების პრევენციებსა და იმ სამოქმედო გეგმაზე თუ ეს პრევენცია როგორ განვახორციელო", - აცხადებს ბეჟუაშვილი.
გარდა ამისა, როგორც იგი აღნიშნავს კიდევ არსებობს ღია საკითხები, რაზეც კონკრეტული პასუხები სათანადო უწყებებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ გაიმართება შეხვედრები, რათა ღიად დარჩენილ საკითხებზე მოხდეს შეჯერება.