ეროვნული სამფეროვანი დროშა აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია 1990 წლის 28 ოქტომბერი, როდესაც ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, საბჭოთა იმპერიის არსებობის პირობებში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩვნები, რომელშიც მრავალპარტიული გამარჯვება მოიპოვა საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო". ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, ასეთი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა," - განაცხადა პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა.
მისივე განცხადებით, ის არჩევნები ჩატარდა ეროვნული სამფეროვანი დროშის წინამძღოლობით, ეროვნული მოძრაობის ყველა გამარჯვება, მრავალპარტიული არჩევნებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ჩათვლით, სამფეროვანი დროშის მონაწილეობით განხორციელდა.
"დღეიდან ჩვენი დროშა ეროვნული მოძრაობის სამფეროვანი დროშა იქნება, რითაც ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებასა და პატივისცემას ეროვნული მოძრაობის მიერ გამართული პოლიტიკური ბრძოლების, ეროვნული ხელისუფლებისა და კანონიერად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ," - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ.