ხვალ, 19 აპრილს, 14:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შედგება წიგნის "დამაკვირდი" პრეზენტაცია.
წიგნი წარმოადგენს 1948 წელს გამოცემული წიგნის ასლს, რომელიც სრულიად უნიკალურია თავისის მნიშნელობითა და შინაარსით და მოიცავს ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ გაზეთ ,, ივერიაში" სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმებს, შეკრებილს ავტორის- ალექსანდრე სიგუას მიერ.
ერთ პატარა წიგნში თავმოყრილი მრავალი ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის გამონათქვამი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს უკავშირდება და მკითხველს ბევრ საინტერესო ნააზრევს სთავაზობს. ,,დამაკვირდი" აფორიზმების კრებულია, რომელშიც აბელარის, ავრელიუსის, ბაირონის, ალექსანდრე დიუმას, ვოლტერის, გიდე მოპასანისა და სხვათა ბრძნულ გამონათქვამებს იხილავთ.
წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობაში ,,სიესტა" და პრეზენტაციის დროს საჩუქრად გადაეცემათ კულტურის სამინისტროში მოწვეულ სტუმრებს- მწერლებს, პოეტებს, გამომცემლებსა და სხვა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ პროგრამა ,,ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის" ფარგლებში, ,,დამაკვირდი" მეორე წიგნია (გასულ წელს გამოიცა ი. გრიშაშვილის -,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა"), ანუ უნიკალური გამოცემის ასლი. კულტურის სამინისტროს დახმარებით კიდევ რამდენიმე, ჩვენი დროისთვის თითქმის დაკარგული და მნიშვნელოვანი წიგნის აღდგენა და გამოცემა იგეგმება.