ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადებას იწყებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 21-22 მარტს, უფასო გადამზადების კურსები ტურისტული სააგენტოების მენეჯერებს ჩაუტარდებათ, ხოლო 23-24 მარტს უშუალოდ ტურისტული კომპანიების თანამშრომლებს. გადამზადების კურსების მთავარი თემები იქნება ერთის მხრივ ტურისტული სააგენტოების „პორტფოლიოს შედგენა“, დიდი კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა და მარკეტინგული ღონისძიებების წარმოება, მეორე მხრივ კი ტურისტული პროდუქტის დამუშავება, ფასდადება და მარკეტინგი. ტრენინგები სასტუმრო "დივანში" ჩატარდება და მას უცხოელი ექსპერტი კუშადასიდან ზაფირ ოზეტი წაიყვანს.