რეინვესტიციისათვის საწარმოთა მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას დადებითად აფასებს ბიზნესი. ”ვისოლი ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია იყო და ბიზნესი ინიციატივას მაღალ შეფასებას აძლევს.
”ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მისასალმებელია. ქვეყნის განვითარებისა და წარმატების მთავარი გარანტია არის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა. აღნიშნულ თემატიკაზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან იყო კომუნიკაცია და სქემა რაც უფრო მალე ამუშავდება, უფრო მეტად დაასხავს ქვეყნის ეკონომიკის წისქვილზე წყალს.
თუმცა ფისკალურად რამდენად ნეიტრაური იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს თავად ხელისუფლებამ უნდა გდაწყვიტოს. მაგრამ ჩემი აზრით, პირიქით გაიზრდება ბიზნესაქტიობა, რადგანაც ეს გამონთავისუფლებული ფული, ხომ ისევ ბიზნესში იდება? იმ ახალ ბიზნესში და მიმართულებებში, რომ ფულს ჩავდებთ იქედან ხომ დამატებითი გადასახადების აკუმულირება მოხდება ბიუჯეტში?! ამიტომ, რაღაცნაირად ნეიტრალიზება მოხდება ამ ასე ვთქვათ უარყოფითი ფისკალური ეფექტის. მე როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი ვფიქრობ, რომ კანონში ცვლილებები, რაც უფრო მალე შევა ეს მისასალმებელი იქნება”, - მიიჩნევს ფხაკაძე.
როგორც ცნობილია, ბიზნესის სტიმულირებისთვის ”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, მოგების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება საწარმოს მიერ მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებასაც მეწარმე შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ”საგადასახადო კოდექსის” შესაბამისად საწარმოს სტატუსის მქონე პირების, გათავისუფლებას მოგების გადასახადით დაბეგვრისგან, მოგების გადასახადის იმ ნაწილში რომლიც მიმართული იქნება რეინვესტირებისათვის, რაც გარკვეულწილად მათ შეუქმნის შეღავათიან გარემოს, მისცემს ბიზნესის განვითრებისა და გაფართოების სტიმულს.
”საგადასახადო კოდექსის” მოქმედი 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „რ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებენ სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო სფეროში მოქმედი საწარმოების გათავისუფლებას მოგების გადასახადისაგან იმ ნაწილში, რომელიც მიმართული იქნება რეინვესტირებაზე. პროექტის მიხედვით კი სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო სფეროში მომუშავე საწარმოების გარდა შეღავათი ყველა ტიპის მოქმედ საწარმოზე გავრცელდება.