ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, პაკისტანში პოლიომიელიტის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. პოლიციამ ათობით მშობელი დააპატიმრა, ვინც საკუთარი შვილების აცრაზე უარს ამბობდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ხელის შეშლის ბრალდებით 400-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. ავღანეთისა და ნიგერიის შემდეგ პაკისტანი პოლიომიელიტის გავრცელების რისკების მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს, რის გამოც 2,7 მილიონი ბავშვის აცრაა დაგეგმილი, თუმცა ადგილობრივი რადიკალები ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ პოლიომიელიტის ვაქცინა უშვილობას იწვევს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექიმებზე ვაქცინაციის შეფერხების მიზნით ათობით თავდასხმა განხორციელდა, რასაც რამდენიმე ათეული მედიკოსი ემსხვერპლა.