ბორის ნემცოვის ყოფილი ცოლი მომხდარით შოკირებულია. ეკატერინა ოდინცოვას თქმით, მისი ქმარი შესანიშნავი მამა იყო. "ჩვენ დიდი მწუხარება გვაქვს. ბავშვები მამის გარეშე დარჩნენ. ბიჭი 19 წლისაა. ის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს და ძალიან ჰგავს მამას. გოგო 12 წლისაა და მამას უბრალოდ აღმერთებდა. ის ძალიან კარგი მამა იყო. ახლა ორჯერ უფრო ძლიერი უნდა ვიყო და ბავშვებს დედობასთან ერთად მამობაც უნდა გავუწიო. ადრე, როდესაც ქალურ ემოციებს ვერ ვმალავდი, შემეძლოა ზედმეტი მომსვლოდა და მასზე ცუდი მეთქვა. სინამდვილეში მე ის ძალიან მიყვარდა. მე მასზე მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩება, რადგანაც ძალიან ნათელი ადამიანი იყო. საბედნიეროდ, გასულ კვირას, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მე მას მივწერე, რომ ყველაფერს ვპატიობდი და მეც ვთხოვე პატიება. ალბათ, რაღაც წინათგრძნობა მქონდა,"-აცხადებს ნემცოვის ყოფილი მეუღლე.