ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველოში ყირგიზეთის სცენარის განმეორება მედვედევს შეიძლება ძალიან უნდა, მაგრამ მისი თავიდან აცილება ხელისუფლებას შეუძლია.
"მე ყველაზე ძალიან ის მწყინს, რომ ამაზე მედვედევი საუბრობს, შეიძლება ეს მას ძალიან უნდოდეს და აწყობდეს კიდევაც პოლიტიკური კუთხით. მაგრამ იმაზე აქცენტების გაკეთება, რომ საქართველოში იგივე მოხდეს, რაც ყირგიზეთში ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ჩემთვის ეს ძალიან რთულია, ამიტომ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს, რომ ეს მოვლენები თავი ავარიდოთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახლოებულ თვითმართველობის არჩევნების დროს სახელმწიფოებრივად იმოქმედოს და რეალობისადმი ადეკვატური ნაბიჯები გადგას.
"ხშირად ვსაუბრობ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და მოუწოდებ ხელისუფლებას გადადგან ადეკვატური ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით არჩევნების სამართლიანად ჩატარების კუთხით. სწორედ ამ რეალობიდან გამოვდივარ და ვიძახი, რომ თუ ქვეყანაში ოპოზიციამ და საზოგადოების პროტესტულად განწყობილმა ნაწილმა, რომელიც საკმაოდ დიდია, არ დაინახა, რომ ქვეყანაში შესაძლებელია ვითარების დემოკრატიული გზით ცვლილება ანუ არჩევნების გზით, მაშინ მას არაფერი აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ სხვა ვერსიებზე იფიქროს, ასევე რევოლუციაზეც", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე შეფასებით, თუ სცენარი ზემოთ თქმულის მსგავსად განვითრდა ეს დამღუპველი იქნება არ მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ან შეიძლება ტრაგიკული იყოს რიგითი ადამიანებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი კატასტროფა იქნება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შესაძლებელია ყირგიზეთის სცენარი განხორციელდეს.