ევროპული და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია რუსულ ბაზარზე იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ დასავლური კომპანიები პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში ინვესტიციებს ჩადებენ. ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ოფიციალური ათენის თხოვნას რუსეთში ბერძნული პრუდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და არ შეუძლია სანქციები გამორჩეულად რომელიმე ქვეყანას მოუხსნას. „გამოსავალი იმაშია, რომ ნედლეულის იმპორტი მოვახდინოთ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადამუშავდება. გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობაში კი ინვესტიციები მათ უნდა ჩადონ,“-აღნიშნა პესკოვმა.