მალე საქართველოს ნატოში ელჩი აღარ ეყოლება, - აცხადებს გაზეთ „პრემიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანაჯიკიძე. მისი თქმით, მისთვის ყველაზე საგანგაშო სწორედ ის არის, რომ კურსის შეცვლის საფრთხეს ხედავს.
„5 ნოემბერს, როდესაც გადავდექით, გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა საქართველოს წარმომადგენელმა ნატოში ლევან დოლიძემ. ამ დროიდან არის ცნობილი, რომ მალე საქართველოს ნატოში ელჩი აღარ ეყოლება, დღეს რა რიცხვია? თქვენ გაგიგიათ, რომ ახალი კანდიდატი დასახელებულიყო? დღესაც რომ დასახელდეს ახალი კანდიდატი, მინიმუმ სამი თვე ის ბრიუსელში ვერ ჩავა და ელჩის არყოლა იმ პერიოდში, როცა ქვეყანას არსებითი პაკეტი აქვს განსახორციელებელი, წლის ბოლოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი გაქვს გასახსნელი, პრეტენზია გაქვს, რომ შემდეგ სამიტზე მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე უელსის სამიტზე მიიღე, შეიძლება ქვეყანას ელჩი არ ყავდეს 5 თვის განმავლობაში? ლევან დოლიძე უკვე ერთი თვეა, იქიდან წამოვიდა.
5 ნოემბერს რომ ლევან დოლიძე გადადგა, კანდიდატურის დასახელება 6 ნოემბერს შეიძლებოდა. რადგან იცოდნენ, რომ ელჩი 26 იანვრამდე იქ იქნებოდა, შეიძლებოდა, რომ 27 იანვარს უკვე ახალი ელჩი ჩასულიყო, მაგრამ არათუ ეს პროცედურა არ დაუწყიათ, კანდიდატიც კი არ შეურჩევიათ. ვისი ბრალია და ყველაფრის ერთად, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საგანგაშო სწორედ ის არის, რომ კურსის შეცვლის საფრთხეს ვხედავ“, - აცხადებს ფანჯიკიძე.