ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფორმატის ცვლილება არ იგეგმება.
“კარასინი-აბაშიძის ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს, საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფორტმატი და ამ ეტაპზე მის გადახედვას ან რაიმე ტიპის ცვლილებას მასში არ ვაპირებთ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი ლარის კურსის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს. მისი განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი სიტუაციას ამძიმებს. მანვე მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული.
“მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. დღეს მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.