ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.
პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს და საქართველო რიგის სამიტზე გახდეს წარმატების მაგალითი.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს და ის შეუქცევადია.
პრემიერთან საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში.