„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე კი არ არის გადასული, რომ გამოსავალი ეძებოს, არამედ მუდმივად იმაზე აპელირებს, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რა მძიმე მემკვიდრეობა დარჩათ.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა.
„კი ბატონო გასაგებია, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა შეიცვალოს? ეს ერთი; მეორეც, - ნახეთ ქვეყანაში რა ხდება, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ეს ყველაფერს ეტყობა. პრეზიდენტი არ ელაპარაკება პრემიერს, პრემიერი არ ელაპარაკება პრეზიდენტს, დაძაბული ვითარებაა პარლამენტსა და სხვა შტოებს შორის, პარლამენტის უმრავლესობაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, როდესაც უმრავლესობა თვალსა და ხელს შუა იშლება და ამავდროულად ის მანიპულირებადია. ესაა ქვეყნის პრობლემა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად დაშლილია და ის ძალიან დიდი ფულითაა შენარჩუნებული“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძის თქმითვე, ძალიან უცნაურია, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები, „ქართული ოცნების“ წარომადგენლები ძალიან ხშირად მათი ლიდერის ხელმძღვანელობით ამბობენ, რომ აი, ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა და ამიტომ არჩევნები არ გვინდა.
„ძვირფასო მეგობრებო, მთელს მსოფლიოში, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთ-ერთი მთავარი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ხოლმე და რა თქმა უნდა ვადამდელი არჩევნებია გზა იმისათვის, რომ ხალხმა აირჩიოს უფრო ეფექტური, უფრო კომპეტენტური და უფრო გამბედავი ხელისუფლება. ოღონდ, ერთი რამ არის - პოლიტიკოსებს საერთოდ არ გვაქვს უფლება ჩვენს მოსახლეობას შენიშვნით ან საყვედურით ველაპარაკოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ჩვენს ხალხს მინდა ვუთხრა - თუ ჩვენ კიდევ ვიქნებით მესიების მოლოდინში, თუ ჩვენ კიდევ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იქედან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს ბევრი ფული აქვს და ის ყველა პრობლემას მოაგვარებს და ამიტომ, მისი ხათრით პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს ავირჩევთ, ასეთ შემთხვევაში აღარც არჩევნებს ექნება აზრი და საერთოს ჩვენი ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს არსებობა, აზრს დაკარგავს“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.