საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბულგარეთის სამი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს ბულგარეთის მოქალაქეების დაკავება განხორციელდა 2014 წლის 15 აგვისტოს, მათ დაკავებისთანავე არ განემარტათ მათი უფლებები, ასევე, არ შედგა მათი დაკავების ოქმები დაკავების ადგილზე ან პოლიციის განყოფილებაში, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში არ გადაეცათ ბრალდების შესახებ დადგენილების ასლები, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევას.
ომბუდსმენის აპარტის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული – ადამიანის თავისუფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვის შემთხვევაში მოხდეს რეაგირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.