საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში გუნტერ ბეხლერს შეხვდა.
მინისტრმა ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს და შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ორმხრივ ურთიერთობებს.
მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესთა სექციის მხარდაჭერისათვის.
ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას, ასევე 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრაზე შვეიცარიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.