უკრაინელ ლიდერებს თავიანთ ხელისუფლებაში ქართველი პოლიტიკოსების შეყვანა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად შეთვაზა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა და უკრაინის გენერალური პროკურორის ამჟამინდელმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განუცხადა.
,,უკრაინის მთავრობაში მომხდარი ცვლილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა წამოჭრა ინიციატივა, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები უკრაინაში, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან თვითმართველობის ორგანოებამდე, სხვადასხვა სფეროში ჩასატარებელ რეფორმებში ჩართულიყვნენ.
ეს წინადადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოეწონა და გასულის წლის ნოემბერ-დეკემბერში ქართველი დეპუტატების მიერ შექმნილი ინოვაციისა და განვითარების ფონდი ანტიკორუფციული ბიუროს კონცეფციის შესამუშავებლად მიიწვია." - აღნიშნა უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო LB-სთან საუბარში დავით საყავერლიძემ და იქვე დააზუსტა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მთავრობას ქართველ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა თავად შესთავაზა და ამ წინადადებას მისმა გუნდმაც მხარი დაუჭირა.
საყვარელიძის თქმით, დრო რომ არ დაეკარგა, უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადება ადრევე შეიტანა.
,,თუმცა იმ დროისთვის არ ვიცოდი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის მომიწევდა ბრძოლა. ეს იყო საერთო გადაწყვეტილება, რაც ჩვენს გუნდთან ერთად, მიხეილთან შეთანხმებულად მივიღეთ." - განაცხადა მან და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მუშაობას დაასრულებს, საქართველოს მოქალაქეობას ისევ დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურირის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
ამასთან, ის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
მასალის გამოყენების პირობები