სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ინტენსიური კომუნიკაცია უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სომხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს მიესალმა. ჰოვიკ აბრაჰამიანმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და გასულ, ორმხრივი ვიზიტებით დატვირთულ წელს ხაზი გაუსვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე, ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი განცხადებით, საქართველოს და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამაგალითო ურთიერთობები არსებობს. როგორც ჰოვიკ აბრაჰამიანმა აღნიშნა, საქართველო სომხეთისთვის სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარია და ორივე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ვალდებულები არიან, ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმაონ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალი რანგის ვიზიტების შეჯამება და საპარლამენტო კომიტეტების დონეზე კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საქმეებზე გადასვლა უკვე შესაძლებელია.
17 თებერვალს დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან და სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობა გარეგინ მეორესთან გამართავენ.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს დაბრუნდება.