საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედუარდ ნალბანდიანთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.
საუბარი ორი ქვეყნის განსხვავებულ საგარეო მისწრაფებებსაც შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მიუხედავად ამისა, კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს და არსებული განსხვავებები ერთმანეთის სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სომხეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების დარგობრივი კომიტეტების ურთიერთობა უკვე ინტენსიურია და სამომავალოდ კონკრეტულ თემებზეა საუბარი საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო კურსზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ურყევია და ამ მიზნისკენ სწრაფვისას რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა გათვალისწინებულია. მისივე თქმით, პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო და სომხეთი განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ და ერთმანეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ. დავით უსუფაშვილმა რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებზეც ისაუბრა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აუცილებელია, პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობა, როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე რეგიონალურ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
როგორც ედუარდ ნალბანდიანმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის პრობლემები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ განსახილველი საკითხები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება, შესაძლოა, როგორც საქართველოსთვის, ასევე, გარკვეული თვალსაზრისით, სომხეთისთვისაც სასარგებლო იყოს.