16-20 თებერვალს საქართველოს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებს ვიზიტით ეწვევიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცახდებენ, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით.
,,კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რომ ჟენევის ფორმატი არის ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, სადაც წყდება კონფლიქტის დარეგულირების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ეწვევიან ოკუპირებულ რეგიონებსაც, რათა ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას. ეს ვიზიტი პირველ რიგში ემსახურება ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის დღის წესრიგის შემუშავებას", _განაცახდა ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.
მისივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე კვლავ ხაზს გაუსვამს, რომ რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება", ასევე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოსაწერად მომზადებული ე.წ. „ინტეგრაციის" შესახებ ხელშეკრულება უხეშად არღვევს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ისე რუსეთის სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ ამ ქმედებით გრძელდება ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობა.
მასალის გამოყენების პირობები