"არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან ბევრი პოლიტიკური ძალა წავა", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს.
როგორც მან განაცხადა, ეს არა მხოლოდ ახლად შექმნილ, შედარებით ნაკლებად რეიტინგულ ძალებს, არამედ პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებსაც შეეხება.
"ხელისუფლება პოლიტექნიკურად ცდილობს მართოს წინასაარჩევნო პროცესი. მან ორი უკიდურესი პოლუსი - ანტიპუტინისტური და პროპუტინისტული პოლუსები შექმნა და ცდილობს, პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი, რომელიც არც ერთ გემზე არ არის, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს. ორივე აღნიშნული პოლუსი იმართება და შესაბამისად, ორივე გემი ჩასაძირადაა განწირული. ამიტომაც, მგონია, რომ არჩევნების შემდეგ და ალბათ იქამდეც, პოლიტიკიდან ბევრი პარტია წავა", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას ნიკა ივანიშვილის "სახალხო დემოკრატებს", სხვა ახლად დაარსებულ ძალებსა და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობასაც უწინასწარმეტყველებს იმ შემთხვევაში, თუკი "იმ გემის ჩაძირვას, რომელზედაც ეს უკანასკნელი იმყოფება, ხელისუფლება გადაწყვეტს".