საგარეო უწყების პრესსპიკერი დავით კერესელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს დაბარებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და საზოგადოებას მოუწოდებს აღნიშნულის გამო აჟიოტაჟს ნუ შექმნიან. როგორც კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა რაც არ უნდა მოხდეს პარტნიორობას და კეთილმეზობლობას უკრაინასთან ხელს არაფერი შეუშლის.
,,ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს და გვექნება მეგობრული ურთიერთობა. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ამიტომ მის გვერდით ყოფნა, თანადგომა, უპირველესია. რაც არ უნდა მოხდეს, პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს", - განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კვირას არის დაბარებული, თუმცა ამ დროისთვის ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებენ.
მასალის გამოყენების პირობები