რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" შესახებ მიმდინარე გამოძიებას ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს", _ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
,,ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) გაფლანგისთვის დააკავეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ-მომარაგების კომპანიის" (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი და მთავრობა ამ შემთხვევას გარკვეული მოსაზრებებით არ ახმოვანებს.