საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება „ნორმანდიული ფორმატის" ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას, უკრაინაში არსებული კრიზისის დარეგულირების მიზნით და კონკრეტული შეთანხმების მიღწევას.
საგარეო უწყება იმედს გამოვთქვამს, რომ 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმება შეუქცევადს გახდის უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გასვლას, უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას და არ შეუშლის ხელს უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს.
ამასთან, ბერუჩაშვილის უწყება მიიჩნევს, რომ აუცილებელია მინსკში აღებული ყველა ვალდებულება, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვს-პუნქტიანი შეთანხმებისაგან განსხვავებით, სრულფასოვნად შესრულდეს და რუსეთმა პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს უკრაინელ ხალხს ჩვენს სოლიდარობას და ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.