13 თებერვალს, 17:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესტაგის) პრეზიდენტი, ნორბერტ ლამერტი ერთობლივ საჯარო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახსნის, რის შემდეგაც ნორბერტ ლამერტი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ევროპის სამშვიდობო წესრიგი კონფლიქტებსა და შეთანხმებებს შორის პერიოდში".
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, პროფესორი ნორბერტ ლამერტი ისაუბრებს ევროპასთან ინტეგრაციის არა მხოლოდ ისტორიულ მაგალითებზე, არამედ ყურადღებას გაამახვილებს ევროპაში არსებულ პოტენციურ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე.
მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ღონისძიებაზე, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით იმართება, მოწვეული არიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები