პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ, რომ დღევანდელი კრება ტარდება უკვე ევროპასთან ასოცირებულ ვითარებაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ღვაწლი, მრავალი წლის განმავლობაში იქნა დაგვირგვინებული იმ პროცესით, რომელიც შარშან ზაფხულში ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ. ეს იყო ყველას მიღწევა - ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაფორმებული ქაღალდზე ხელმოწერა თქვენი სახელით, ჩვენი მოქალაქეების სახელით, მრავალი სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების სახელით, სხვადასხვა ხელისუფლებების სახელით, იმიტომ, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ დაიწყო იმ წამს, როცა საქართველომ დააღწია თავი საბჭოთა იმპერიას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ევროპისკენ სვლის სწრაფ, უმტკივნეულო და ეფექტურ პროცესს გარკვეულმა დაბრკოლებებმა და არახელსაყრელმა გეოპოლიტიკურმა გარემომ შეუშალა ხელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სრულიად ცალსახაა და ეს გამოხატულია ყველა შესაძლო ფორმით და საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი დაახლოება ევროპასთან თუ ევროპის ჩამოყვანა საქართველოში არის ბუნებრივი მოთხოვნილება ჩვენი ეროვნული ცნობიერებიდან გამომდინარე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევანი, მაინც ძალიან სერიოზული შრომა გვმართებს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ და პროცესი მართლაც შეუქცევადი გახდეს. მე ვისურვებდი, რომ დღევანდელ მთავრობას, მომავალ მთავრობებს, ყველაფერი გაეკეთებინოს იმისთვის, რომ არცერთი წუთი აღარ დაეკარგოს ამ მიმართულებით სვლის პროცესში", - მიმართა დავით უსუფაშვილმა შეკრებილებს.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პროცესებში საზოგადოების მხრიდან ჩართულობის და მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოება ევროპული ინტეგრაციის ინსტრუმენტი არ არის, ის ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიზანი, ამოცანა და საბოლოო შედეგია.
„როდესაც სამოქალაქო საზოგადოება აქტიური, განათლებული, თავისუფალი მოქალაქეა, ის არის სახელმწიფოს ხერხემალიც, საძირკველიც, მიზანიც, ამოცანაც და მთავარი მოქმედი პირიც სახელმწიფოში. აი, ეს არის მისაღწევი, ეს არის პირველ რიგში ევროპა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფით სარგებელზე ფიქრი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება. „ამ თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი არის სრულიად შეუფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანი", - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრებას.