იური ვაზაგაშვილის მკელობაში ბრალდებული პოლიციელის გიორგი სოსანაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა იური ვაზაგაშვილის დამამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.
აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება რამდენიმე, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა.