ექსპერტი გია ხუხაშვილი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დრამატული სცენარით ცვლილებას პროგნოზირებს.
როგორც ხუხაშვილმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას განაცხადა, ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს ის, რომ მას არც საგარეო და არც საშინაო კუთხით გამოსაყენებელი რესურსი აღარ დარჩა.
"იმაში, რომ ცვლილება იქნება, დარწმუნებული ვარ, რადგან ამ ხელისუფლებას არც საგარეო და არც საშინაო კუთხით, გამოსაყენებელი რესურსი აღარ აქვს. არ დარჩა არც ერთი სფერო, რა მიმართულებითაც მას განვითარების შანსი აქვს, აღარც დონორების აქტიურობა ჩანს. ასე რომ, ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების უფრო დრამატული სცენარით შეცვლაა მოსალოდნელი", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი განმარტებით, რევოლუციები არც გარე ძალების მიერ ხდება და მისი მოხდენა არც ოპოზიციას შეუძლია, არამედ ამის მამოძრავებელი თვითონ ხელისუფლება და მისი შეცდომებია.
"ყირგიზეთშიც რევოლუციის განმაპირობებელი თავად პრეზიდენტ ბაკიევის პოლიტიკა იყო და მიიღო ის, რაც დაიმსახურა. სხვათა შორის, ჩვენს ხელისუფლებასაც იგივე ემუქრება და თუ ქვეყანაში მოვლენების დრამატული სცენარით განვითარება მოხდება, ეს თავად სააკაშვილის პოლიტიკის ბრალი იქნება", - განმარტა ხუხაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლების ცვლილებას ხელს ისიც შეუწყობს, რომ "არამყარ ფეხებზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერად გამოიყურება და ერთი ნაპერწკალია საჭირო იმისთვის, რომ დაინგრეს".