საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ოკუპანტების მიერ, დუშეთის რაიონიდან 16 ქართველის გატაცების გამო ლავროვის უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
საპროტესტო ნოტა ვაშაძის უწყებამ დღეს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელს, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლორენცო ამბერგს გადასცა.
ნოტაში ნათქვამია, რომ "2009 წლის 26 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ გერმისხევიდან, რუსი საოკუპაციო ჯარების ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული იქნა საქართველოს 16 მოქალაქე, რომელთაც ბრალს დებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრის" უკანონო გადალახვაში. გატაცებული პირები დღემდე უკანონოდ არიან დატყვევებული ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. "პროკურატურაში".
ზემოაღნიშნულ ფაქტს საქართველოს მხარე აფასებს, როგორც საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს და პროვოკაციას, რომელსაც რუსეთი სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის ზემოაღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით და კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 16 ქართველი 25 ოქტომბერს გაიტაცეს.