ევროკავშირი ,,შავი სიაში" რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობას განიხილავს, რომელთა მიმართაც სავიზო და საბანკო შეძღუდვები დაწესდება.
სია შეიძლება რამდენიმე რუსი დეპუტატით და ჩინოვნიკით შეივსოს.
ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
მათი ცნობით, ევროკავშირის ,,შავ სიაში" მოხვედრის შანსი დაახლოებით 15 ადამიანს და 4 ორგანიზაციას აქვს.
,,ამ საკითხის განხილვა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში კვირის დასაწყისიდან მიმდინარეობს და გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღონ, რათა ,,შავი სიის" დამატების გამოქვეყნება 9 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომამდე მოესწროს." - იტყობინება გამოცემების წყარო.
,,რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ,,შავ სიას" 19 ადამიანი და 9 ორგანიზაცია დაემატება.
გერმანულ საინფორმციო სააგენტო DPA-ს ცნობით, სანქციები რუს დეპუტატებს და მინისტრების მოადგილეებს შეეხებათ, რომელთაც შენგენის ვიზის აღებაზე უარის თქმა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშების გაყინვა ემუქრებათ.
ბრიუსელიდან მიღებული ინფორმაციით, ,,შავ სიაში" რუსეთის 5 მოქალაქე და 14 უკრაინელი სეპარატისტი მოხვდება.