რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ექს-ოფიცერს ალექსანდრე ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის აღებასა და საზღვარგარეთ გაქცევაში ბიზნესმენი და ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი დაეხმარა.
ამის შესახებ ლონდონში ,,ლიტვინენკოს საქმესთან" დაკავშირებულ სასამართლო მოსმენაზე ბორის ბერეზოვსკის ფონდ ,,სამოქალაქო თავისუფლებისთვის" ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე გოლდფარბმა განაცხადა.
,,ვიდრე ბადრი ცოცხალი იყო, ეს ფაქტი საიდუმლოდ რჩებოდა, მაგრამ რადგან ახლა ის ცოცხალი აღარ არის, მე შემიძლია ამაზე საუბარი." - განმარტა მან.
გოლდფარბის თქმით, ყალბი პასპორტი ლიტვინენკომ საქართველოში აიღო, შემდეგ კი ,,ბადრის ნდობით აღჭურვილ პირთან" ერთად თურქეთში გაემგზავრა, სადაც მას ცოლი და შვილი ელოდა.
,,ამ ისტორიაში პატარკაციშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ხარჯები კი ბერეზოვსკიმ გაიღო.
ეს ოპერაცია მას 130 ათასი დოლარი დაუჯდა. პირადად მე წარვუდგინე ბერეზოვსკის ხარჯების ნუსხა." - აღნიშნა გოლდფარბმა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც რუსეთიდან ინგლისში 2000 წელს გაიქცა, ლონდონში 2006 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
მისი ჯანმრთელლობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ყოფილ კოლეგებს, რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ანდრეი ლუგავოის და დიმიტრი კოვტუნს შეხვდა და მათთან ერთად ჩაი დალია.
მისი სიკვდილის შემდეგ ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ლიტვინენკოს ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერება პოლონიუმი აღმოაჩინეს.
,,ლიტვინენკოს საქმეში" მთავარი ეჭვმიტანილი რუსი ბიზნესმენი და დუმას დეპუტატი ანდრეი ლუგავოია, რომელიც წაყენებულ ბრალდებას უაყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები