რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქთან ჩატარებული წვრთნების შემდეგ, შვებულებაში გავიდნენ, თავიანთ ნაწილებში დაბრუნებას არ აპირებენ.
მათ სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურას თხოვნით მიმართეს, შეუწყვიტონ ის ორწლიანი კონტრაქტი, რომელიც დეზერტირობის ბრალდების მუქარითა და მოტყუებით დაადებინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РБК ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზის ორმა ჯარისკაცმა, რომელბიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყვნენ დისლოცირებული, განაცხადეს, რომ ისინი სამხედრო სამსახურში 2013 წელს გაიწვიეს, 2014 წლის აგვისტოში კი საარტილერიო დივიზიის მეთაურმა 2016 წლამდე, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დაიყოლია.
მეთაურმა არწმუნებდათ, რომ ეს კონტრაქტი მხოლოდ ფორმალობა იყო და სავალდებულო სამსახურიდან მათი დემობილიზება წესისამებრ 2014 წელს მოხდებოდა.
კონტრაქტის პირობებით, ახალბედა ჯარისკაცები აფხაზეთიდან ყირიმში უნდა გადაეყვანათ, ამის ნაცვლად, ისინი რამდენიმე თვით უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქში გადაისროლეს.
ბაზაზე დაბრუნების შემდეგ სამხედროები თებერვლის შუა რიცხვებამდე შვებულებით სახლებში გაემგზავრნენ, იქიდან კი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.
როგორც ირკვევა, მათი მეთაური რუს ჯარისკაცებს დეზერტირობის ბრალდებით საქმის აღძვრით ემუქრება.
,,კონტრაქტის გაფორმებამდე, ჩვენ არც ფიზიკური მომზადების გამოცდა ჩაგვიბარებია, არც სპეციალური ტესტირება ჩაგვტარებია, არც სამედიცინო შემოწმება გაგვივლია და ხელშეკრულების დადების შემდეგ, ჩვენთვის არც ხელფასები გადაუხდიათ. ჩვეულებრივად, სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცებად ვითვლებოდით." - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ.
რაც შეეხება, უკრაინის საზღვართან ჩატარებულ წვრთნებს, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, ჯარისკაცები დეტალებზე არ საუბრობენ, რასაც იმ მოტივით ხსნიან, რომ ,,გაუმჟღავნებლობის შსახებ" დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი.