გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) საქართველოს შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის 100 მლნ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.
100 მლნ ევროდან 75 მლნ ევრო სესხია, ხოლო 25 მლნ ევრო - გრანტი.
~ეს პროექტი ძალიან დიდი რესურსია მომავალში ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. ასეთი ტიპის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, საშუალებას მოგვცემს დიდი ოდენობით გავიტანოთ ჩვენი ელექტროენერგია უცხოეთში ექსპორტის სახით, რაც თავის მხრივ, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირდება" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობის პროექტი თურქეთის საზღვართან ახლოს, ახალციხეში ქვესადგურის მშენებლობასაც მოიცავს. ხაზის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და 2012 წლის მაისში დასრულდება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სულ 280 მლნ ევრო ესაჭიროება. პროექტი EIB-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. EIB პროექტს 80 მლნ ევროთი, ამდენივე თანხით EBRD, 100 მლნ ევროთი KFW, 8 მლნ ევროთი ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი, ხოლო 46 მლნ ლარით საქართველოს მთავრობა დააფინანსებენ.
ამასთან, ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე საქართველო-გერმანიის სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრებზე გერამნიის მხარდაჭერით საქართველოში დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტები, ასევე თანამშრმლობის გეგმები განიხილეს.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა, ჰაიკე გაბრიელმა ~საქართველოს მთავრობას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომბლობის შესახებ" სამთავრობო შეთანხება გააფორმეს.