ინდოეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხელმძღვანელობით 2018 წლისთვის ინდოელთათვის წმინდა მდინარე განგის ნაგავისგან გაწმენდას გეგმავს.
ინდოეთის ხელისუფლების გენერალურმა რწმუნებულმა რანჯიტ კუმარმა განაცხადა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მდინარის წყლის გასაწმენდად ან მისი დაბინძურების საწინააღმდეგოდ არაფერი გაკეთებულა.
,,ვითარება კატასტროფულია, ჩვენი ეროვნული სიწმინდე ჩვენს თვალწინ იღუპება. ახლა პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავზე იღებს ამ პროექტის განხორციელებას და პირობას გვაძლევს, რომ ვიდრე მისი მმართველობის ვადა ამოიწურება, 2019 წლამდე ეს პრობლემა მოგვარდება." - აღნიშნა მან.
ინდოეთის მთავრობის გეგმებში განგის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქებში 80-ზე მეტი გამწმენდი სისტემის შექმნა შედის, რაც განგს კანალიზაციის ჩადინებისგან დაიცავს.
შესაბამისი სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო და 24 გამწმენდი ქარხანა-კოლექტორი უკვე ექსპლუატაციაშია ჩაშვებული, ამჟამად კიდევ 31 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
მთლიანად, გამწმენდი საშუალებების და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მოწყობას განგის ნაპირებზე 118 ქალაქი საჭიროებს.
ამ მიზნით ინდოეთის მთავრობა 510 მილიარდი რუპიის (დაახლოებით 8, 2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა 5 წლიანი კამპანია, სახელწოდებით ,,სუფთა ინდოეთი," რომლითაც მოსახლეობას წლობით დაგროვილი ნაგვისგან ქვეყნის გაწმენდისკენ მოუწოდა.
კამპანიის მიხედვით, 2019 წლისთვის ინდოეთის ყოველ მოქალაქეს ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და სასმელი წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამ გეგმის შესრულება არც ისე მარტივია, ვინაიდან, ამ დრომდე ინდოეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობს. კანალიზაციით სარგებლობის საშუალება მხოლოდ მესამედ ნაწილს აქვს. ბინძური წყლის მოხმარებით გავრცელებული ინფექციეური დაავადებებსგან, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 180 ათასს აჭარბებს.
გაეროს 2014 წლის მონაცემებით, ინდოეთის მოსახელობის ნახევარი ქოლერის, დიზენტერიის, მუცლის ტიფისა და ა ჰეპატიტის ეპიდემიის რისკის ქვეშ დგას.
რაც შეეხება მდინარე განგს, ინდოეთის მოსახლეობა ნაგავსაც მის კალაპოტში ყრის, ტრადიციისამებრ, მიცვალებულებსაც მას ატანს, იქვე ბანაობს და სასმელადაც მის წყალს იყენებს.