2015 წლის გაზაფხულიდან ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტის სომხეთის ოფისი, რომელსაც დემოკრატიის გაძლიერების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს, მუშაობას განუსაზღვრელი დროით შეაჩერებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ გეგამ სარგსიანმა სომხურ რადიო ,,აზატუტიუნთან" საუბარში აღნიშნა, რომ ფინანსური პრობლემა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანებას არ უკავშირდება.
,,ამაში ვერავითარ პოლიტიკურ მოტივაციას ვერ ვხედავ. მე არ შემიძლია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვილაპარაკო. ამის შესახებ კითხვა ამერიკის საელჩოს უნდა დაუსვათ. შეიძლება დასავლეთში ამ ფაქტმა პატარა იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა." - განაცხადა სარგსიანმა ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებიდან NDI-ის სომხური ოფისისთვის დაფინანსების შეწყვეტა რუსეთის მიერ ინიცირებულ კავშირში სომხეთის შესვლას.
თუმცა, ისიც აღიარა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის პრიორიტეტები შეიცვალა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის გამო, სომხეთი გაცილებით მცირე დაფინასებას იღებდა.
ნდი-ს ოფისი სომხეთში უკვე 20 წელია, არსებობს. ამ დროის განმავლობაში ის პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დემოკრატიის გაძლიერების სფეროში აქტიურად თანამშრომლობდა.