დღეს, 28 ოქტომბერს, 14:30 საათზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერი პროექტი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად გამართავს წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას. პრეზენტაციის ოფიციალური გახსნა მოეწყობა წეროვანის პურის ქარხანაში.
პრეზენტაციას დასწრებიან და სიტყვით გამოვლენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.
2009 წლის მარტში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა გამოაცხადა გრანტების საკონკურსო პროგრამის VI რაუნდი. მისი მიზანი იყო როგორც ძირითადი ინფრასტრუქტურის და სამუშაო ადგილების შექმნა, ასე მომსახურების გაწევა წეროვანის დასახლებაში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. წარმოდგენილი ცამეტი პროექტიდან ოთხმა დააკმაყოფილა შეფასების კომიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმები და მიიღო დაფინანსება.
დღეისათვის, წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ფუნქციონირებს სრულიად ახალი პურის საცხობი წეროვანი პური, სადაც დღეში 15 000 პურის გამოცხობაა შესაძლებელი; მეფრინველეობის ფერმა ხეობის ქათამი, სადაც ორმოცდღიანი ციკლის განმავლობაში შესაძლებელია 3,000 წიწილის გამოზრდა; წეროვანის მომსახურების ცენტრი, რომელიც გაუწევს სხვადასხვა სახის მომსახურებას დასახლების მოსახლეობას და მოსაპირკეთებელი ფილების მიკროსაწარმო, სადაც დღეში 100 კვ.მ. ფილების დამზადებაა შესაძლებელი. ყველა პროექტი განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის დახმარებითა და დაფინანსებით. ახლად გახსნილ საწარმოებში დასაქმდა 56 იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო მშენებლობის პროცესში _ 41. განხორციელებული პროექტების შედეგად, წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ 10,000 და მიმდებარე ტერიტორიაზე განსახლებულ იძულებით გადაადგილებული პირს საშუალება ექნება, იქვე იყიდოს ძირითადი საკვები და მიიღოს მომსახურება.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი. პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, განვითარებას და საქართველოს მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კერძო სექტორის გაძლიერების ხელშეწყობა სხვადასხვა სახის ინტერვენციების შედეგად, როგორებიცაა ექსპორტის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და კვალიფიციური ბიზნესკონსულტაციების გაწევა. ბოლო პერიოდში პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება გახდა.