საეჭვო ობიექტები ავსტრალიის ავიახაზების თვითმფრინავმა AP-3C Orion - მა იავანის ზღვაში, იმ ადგილიდან 700 მილის დაშორებით აღმოაჩინა, საიდანაც ,,ეარ აზიას" კუთვნილი ავიალაინერი რადარებიდან გაქრა.
ამ დროისთვის ინდონეზიელი სამხედროები მიღებულ ინფორმაციას ამუშავებენ.
,,ავსტრალიურმა თვითმფრინავმა რაღაც აღმოაჩინა, თუმცა აქამდე ვერ დადგინდა, კონკრეტულად რა არის ნაპოვნი. ამჟამად ჩვენი თვითმფრინავები აღნიშნული ადგილისკენ მიემართებიან." - განაცხადა დილით ინდონეზიის ავიაციის უმცროსმა მარშალმა აგუს დვი პუტრანტომ.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქიპელაგ ბანკ-ბელიტუნგის მცხოვრებლებმა აფეთქების ხმა იმ ადგილებში გაიგეს, სადაც სავარაუდოდ თვითმფრინავი დაიკარგა.
ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამმართველომ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მითითებულ ადგილას 11 სამაშველო კატარღა გაგზავნა.
მანამდე, სამძებრო-სამაშველი სამმართველოს და სამძებრო ოპერაციების ხელმძღვანელმა ჰენრი ბამბანგ სულისტომ განაცხადა, რომ ავიალაინერი სავარუდოდ ზღვაში ჩაიძირა.
მყვინთავთა შეფასებით, ადგილზე წყლის სიღრმე, დაახლოებით, 40 მეტრია.
ავიაკომპანია ,,ეარ აზიას" გაუჩინარებული აირბუსი ,,A320-200" 28 დეკემბერს გამთენიისას ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით გაფრინდა. რეისის ნახევრის შესრულების შემდეგ ავიალაინერის პილოტმა დისპეტჩერებს, ამინდის გაუარესების გამო, კურსის შეცვლის ნებართვა თხოვა , რის შემდეგაც, მალევე, ისე, რომ საგანგაშო სიგნალი არ გადაუცია, რადარებიდან ავიალაინერის კვალი გაქრა.
სამძებრო-სამაშველი სამმართველოს რადარები გაუჩინარებული თვითმფრინავის ავარიული რადიოშუქურის აღმოჩენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
მასალის გამოყენების პირობები