ხვალ, 28 ოქტომბერს, საქართველოში გაეროს სახლის ეზოში (ერისთავის ქუჩაზე) კაჭრეთში წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა გაიმართება. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები აცხადებენ, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კაჭრეთის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხილფაფები, მურაბები, მარინადები და სასაუზმე კონსერვები; ასევე კაჭრეთის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ფერმერების მიერ მოყვანილი ხილი და ბოსტნეული. მათი განცხადებით, გამოფენის დამთვალიერებლებს ადგილზე ჩურჩხელების ამოვლების საშუალებაც ექნებათ.
კაჭრეთის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაეროს განვითარების პროგრამის და რუმინეთის მთავრობის ხელშეწყობით 2009 წლის ივლისში გაიხსნა. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. ამ ეტაპზე საწარმო 50-მდე მცირე ფერმერს ემსახურება. საწარმოში დამზადებული პროდუქცია იყიდება სახელწოდებით "კაჭრეთის ბაღებიდან".
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრი საკონსულტაციო მომსახურებას კახეთის ფერმერებს უწევს. იგი თანამშრომლობს კაჭრეთის პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრთან.