სასჯელაღსრულების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ქალთა #5-ე კოლონიაში ათეულობით პატიმრის მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს ციხეში მხოლოდ ერთი პატიმარი მარინა ირემაშვილი შიმშილობს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება. თუმცა სასჯელაღსრულების სამინიტროში არ ფლობენ ინფორმაციას რა მიზნით დაიწყო დღეიდან მსჯავრდებულმა ირემაშვილმა შიმშილობა.
,,დაწესებულებაში ამჟამად მხოლოდ ერთი ქალბატონი შიმშილობს და ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ათამდე მსჯავრდებული შიმშილობს უბრალოდ სიცრუეა და მეტი არაფერი", -აცხადებენ სასჯეაღსრულების უწყებაში, სადაც ქალთა კოლონიის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს არ იზიარებენ.
,,თქვენ იცით რომ ჩვენთან არსებოს დადგენილი წესი, კანონის შესაბამისად იმართება შიმშილობის პროცესში რაშიც ჩართულია სამედიცინო პერსონალი და აუცილებლობის შემთხვევაში ასევე ერთვება ფსიქიატრებიც და ფსიქოლოგებიც. შესაბამისად მსჯავრდებულ მარინა ირემაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად გაკონტროლებული იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეს შიმშილობა არ უკავშირდება", _აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქალთა კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. საქმე ეხება მსჯავრდებულ მარინა ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მათი განცხადებთ უმძიმესია.
პატიმრების ცნობით,რამდენიმე დღეა ადმინისტრაციასთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ.