რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მედვედევმა და ნაზარბაევმა, როგორც რეგიონში ორი დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტებმა, აღნიშნეს, რომ ყირგიზეთში სისხლისღვრა და ძალადობის ყოველგვარი ფორმა უნდა შეწყდეს.
ამასთან, პრეზიდენტების შეფასებით, აუცილებელია ყირგიზეთის მთელს ტერიტორიაზე ვითარების მშვიდობიანად დარეგულირება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანას ამ დროისთვის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.