საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ბუნდესტაგში. იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ კარინ შტრენცს და ევროპის კომიტეტის მომხსენებელ კრისტიან პეტრისს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა საქართველოში პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს შეეხო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, იმ რთულ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს, ევროკავშირს შეუძლია, ჰქონდეს წარმატებული თანამშრომლობისა და წარმატებული ქვეყნის მოდელი.
„დღეს ჩვენ ცალი ხელით ვცდილობთ, გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და ტანკებს, რომლებიც დედაქალაქიდან 20 კილომეტრში დგანან, და მეორე ხელით ავაშენოთ ევროპული ქვეყანა. ეს არ არის რომელიმე მინისტრის ან, გნებავთ, მთავრობის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის მიერ დიდი ხნის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადაუხვევს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუკი საქართველოს ევროპა უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული საზღვარი გადმოიწევს საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე, რაც უფრო დაცულ შუაგულ ევროპას გულისხმობს. ამით არა მხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს ევროპასთან უვიზო მიმოსვლით, არამედ თავად ევროპაც. ამისთვის კი საქართველომ საიმიგრაციო და საზღვრის მართვის ევროპული ტიპის დაცვის სტანდარტი დაამკვიდრა და გაამყარა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით.
ბუნდესტაგში შეხვედრებისას დიდი დრო დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების მიმოხილვას. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ინსტიტუტები არის ძლიერი, საზოგადოება არის ღია. ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქვს საქართველოს.
„ძლიერი ინსტიტუტები, რომელთაც საქართველოში ვაშენებთ, რეგიონის უსაფრთხოებისთვის უალტერნატივოა. ჩვენ აგრესიის წინააღმდეგ არანაირი სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ახორციელებს აფხაზეთის ანექსიას. ჩვენ გვჭირდება თქვენი ძლიერი მხარდაჭერა იმისათვის, რომ რუსეთის ეს ქმედებები ცივილიზებულმა სამყარომ მკაცრად გააკრიტიკოს. მადლობლები ვართ ქალბატონი მერკელის, რომელმაც დაგმო რუსეთის ეს ნაბიჯი და მოხარულები ვიქნებით, თუკი ბუნდესტაგიც იგივეს გააკეთებს. იცოდეთ, რომ თქვენი თითოეული ასეთი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბუნდესტაგის წევრებმა აღნიშნეს, რომ გერმანია არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ისევე, როგორც არ აპირებს ყირიმის აღიარებას, უფრო ადრე კი არ უღიარებია აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და ვეცდებით, ხელი შეგიწყოთ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში", - განაცხადეს გერმანელმა პარლამენტარებმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტარებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისთვის განახორციელა. გერმანელი პარლამენტარების შეფასებით, საქართველომ უკვე ძალიან დიდი გზა გაიარა ამ თვალსაზრისით. მათივე ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგი, სავარაუდოდ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას 2015 წლის პირველ ნახევარში მოახდენს. როგორც თავად აღნიშნეს, ძალიან პოზიტიურია ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზის შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ამ კუთხითაც დადებით ცვლილებებს უნდა ველოდეთ.
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტორს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ"-ის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში", და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.