პუტინის პრეს-მდივანი კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტი სატელეფონო საუბრისას უკრაინელ კოლეგას დაემუქრა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გვიან საღამოს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით მართლაც შედგა, თუმცა არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. პუტინის მხრიდან მუქარას არც პოროშენკოს პრეს-სამსახური ადასტურებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი პოროშენკოს შეტევაზე გადასვლით დაემუქრა, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები