საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 26 ნოემბერს, ხულოს რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად 800 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ-ერთი საქმის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, წერილობით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ბაუჩაძეს.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში."
ბესიკ ბაუჩაძემ არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა და საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაცია სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადაში არ მიაწოდა, რაც ისჯება კანონით და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველმა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ბესიკ ბაუჩაძის ადმინისტარციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს.