აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს შეხვდებიან. შეხვედრა დღეს, 8 აპრილს, პრაღაში გაიმართება.
პირისპირ საუბრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ. ხელმოწერის ადგილზე და დროზე თავად ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევი შეთანხმდნენ.
რამდენიმე დღით ადრე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან კოგოუტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მიმართა პრაღის ხელისუფლებას და რუსეთთან ამ ახალი შეთანხმების პრაღაში გაფორმების უფლება ითხოვა. კოგოუტმა ვაშინგტონის ამ თხოვნაზე პრაღის თანხმობა დაადასტურა და დასძინა, რომ "პრაღა ამ დოკუმენტის გაფორმების ყველაზე მისაღები ადგილია".
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის გაფორმება დიმიტრი მედვედევს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს შეთავაზება მოსკოვმა "ძალიან საინტერესოდ შეაფასა".
ახალი ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა მხარეებმა 18 დეკემბერს ჟენევაში დაასრულეს. ხელშეკრულების მიხედვით, საბრძოლო ქობინების რაოდენობა 1550-მდე შემცირდება, რაც 30%-ით ნაკლებია იმ ლიმიტზე, რომელიც 15 წლის წინ გაფორმებული დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ვადა 2009 წლის დეკემბერში გაუვიდა. ეს დოკუმენტი 15 წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა რუსეთმა და აშშ-მ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ახალი შეთანხმების ტექსტის შეჯერება ვერ მოასწრეს.
დიმიტრი მედვედევი ჩეხეთში გუშინ ჩავიდა. რამდენიმე საათის წინ პრაღაში გაემგზავრა ბარაკ ობამაც.