ბაკიევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ნდობის მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა. მის თქმით, ბაკიევი ქვეყნის სამხრეთით მხარდამჭერთა შეკრებას იწყებს.
"პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთით ელექტროტატის კონსოლიდაციას ცდილობს, რათა თავისი პოზიციები დაიცვას, მაგრამ ოპოზიცია მოითხოვს რომ მან თავისი უფლებამოსილება დათმოს", _ განაცხადა ოტუნბაევამ. ეროვნული ნდობის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისათვის ბაკიევი სამხრეთ ყირგიზეთში, ჯალალ-აბადში იმყოფება.
"ბაკიევთან დაკავშირებული ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია. იგი არ გადამდგარა და ამჟამად ჯალალ-აბადში იმყოფება. ის ცდილობს ელექტორატის კონსოლიდაციას, რათა გააგრძელოს წინააღმდეგობა", - განაცხადა ქვეყნის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ.
თუმცა ჯალალ-აბადის ოლქის გუბერნატორის კოშბაი მასიროვის თქმით, ბაკიევი თავისი მომხრეების მიერ დაგგემილ მიტინგზე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
ბიშკეკში ამ დრომდე წესრიგის აღდგენა ვერ ხერხდება. ქალაქი მთლიანად გაძარცვულია. დანგრეულია შენობები. მილიცია, რომელიც თითქოს ოპოზიციის მხარეს გადავიდა, ქუჩებში არ ჩნდება. ყირგიზეთის ახალი რევოლუციის შედეგად ამ დროისათვის დაღუპულია 70 ადამიანი, 500- ზე მეტი კი დაშავებულია.