სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებას რომლის თანახმად, ციხის #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს მთავარი პროკურატურა გამოძიებს.
,,მისასალმებელია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცახდება რომლის მიხედვით სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება და ეს გამოძიება გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას. ამასთან მთავარი პროკურატურა გამოძიებას უნდა აწარმოებდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სსკ შესაბამისი მუხლებით. შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხონ დაზარალებულები და სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებული #8 დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ისევე როგორც ყველა ის პირი ვისაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით", _განაცხადა ნანუაშვილმა.
ამასთან ნანუაშვილი პროკურატურას მიმართავს წინადადებით სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მასალების, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით მოპოვებული მასალების საფუძველზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყველა იმ თანამშრომლის მიმართ რომლების შესაძლოა მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობაში. ამასთან სახალხო დამცველი მოწოდებს პროკურატურას მიმართოს სამართლოს ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობით.
საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული 2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მონიტორინგისას გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს დახვდნენ ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები. დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა. დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ.
ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვნენ იატაკზე. მ.უ.-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები.