საქართველო მონობის თანამედროვე ფორმებთან/ტრეფიკინგთან ბრძოლაში რეგიონში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს მასშტაბით კი ქვეყანას მე-9 ადგილი უჭირავს. აღნიშნულ ანგარიშს www.globalslaveryindex.org აქვეყნებს.
მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეული რისკებისა, საქართველო მაინც ახერხებს, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები მონობის თანამედროვე ფორმების, მათ შორის, ტრეფიკინგთან ბრძოლის, კუთხით. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Walk Free"-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის სახელწოდებაა „მონობის გლობალური ინდექსი 2014" და მიზნად ისახავს სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით დაადგინოს შემდეგი:
• მონობის თანამედროვე ფორმების გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში;
• მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევა მონობის თანამედროვე ფორმებთან ბრძოლის კუთხით;
• სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ქვეყნის მოსახლეობის მოწყვლადობა მონობის თანამედროვე ფორმებთან მიმართებით.
ჩამოთვლილი ფაქტორების შესწავლის შემდგომ მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის დგინდება რეიტინგი სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველომ მთავრობების მიერ განხორციელებული ძალისხმევის რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით მე-9 ადგილი დაიკავა და BBB რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელა სისტემური ღონისძიებები თანამედროვე მონობის ფორმების წინააღმდეგ, რაც მოიცავს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებს, ძლიერ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს, კოორდინაციასა და თანამშრომლობას, ასევე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების სპეციალურ დაცვას.
კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სისტემა აქვს მსხვერპლთა დაცვის კუთხით მსოფლიოში, და ის რეგიონში უპირობო ლიდერია. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, და რომ ქვეყანამ ბოლო პერიოდში გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვის კუთხით.
საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვან სახელმწიფოს, კვლევაში ცალკე თავი ეთმობა, სადაც დადებითადაა შეფასებული ტრეფიკინგთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დამტკიცება და მისი იმპლემენტაციის მონიტორინგი. კვლევა მიუთითებს, რომ ბიუჯეტი მონობის თანამედროვე ფორმების აღსაკვეთად 2007 წლიდან, დაახლოებით, სამჯერ გაიზარდა. „სამოქმედო გეგმის აღსრულების მიზნით გამოვლენილი ძალისხმევა არის რეგიონისთვის უჩვეულო, რაც განაპირობებს საქართველოს ადგილს საუკეთესო ათ ქვეყანას შორის მსოფლიოში", - მითითებულია კვლევაში.
აქვე უარყოფითად არის შეფასებული 2006 წელს შრომის ინსპექტორატის გაუქმება, თუმცა, მითითებულია, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესიის ფარგლებში მუშაობს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის აღდგენაზე. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული კანონი მიჩნეულია როგორც წინგადადგმული ნაბიჯი შრომითი მიგრანტების მოწყვლადობის შემცირების კუთხით. ამასთან, კვლევაში მითითებულია, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები და აფხაზეთიდან და ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა ზრდის მონობის თანამედროვე ფორმების რისკებს.
კვლევაში რეკომენდაციის სახით მოცემულია შემდეგი წინადადებები:
• შრომითი ინსპექტორის ინსტიტუტის ხელახალი დაფუძნება;
• იძულებითი შრომის გამოვლენის მიზნით მაღალი რისკის ინდუსტრიების შემოწმება;
• ეროვნული სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით ცალკე ინსტიტუტის დაფუძნება;
• კვლევების ჩატარება იძულებითი შრომისა და ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით;
• მაღალ რისკჯგუფებს - დევნილებსა და ახალგაზრდებს, შორის ცნობიერების ამაღლების გაგრძელება ტრეფიკინგთან დაკავშირებულ რისკებზე.
გარდა ამისა, კვლევაში დადებითადაა შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული მობილური ჯგუფების საქმიანობა, ასევე, დაზარალებულისა და მოწმის დაცვის კოორდინატორებისთვის ტრეფიკინგის კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება, სისხლის სამართლის კოდექსსა და ტრეფიკინგთან ბრძოლის კანონში განხორციელებული ცვლილებები, მსხვერპლისთვის უფასო სამართლებრივი და სხვა სახის სერვისების მიწოდება, ასევე, მსხვერპლზე კომპენსაციის გაცემა.
ცნობისთვის, კვლევაში მონობის თანამედროვე ფორმის განსაზღვრისას გამოყენებულია საერთაშორისო სამართლებრივი დეფინიციები და მასში იგულისხმება ტრეფიკინგი, იძულებითი შრომა, იძულებითი ქორწინება, ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ. ამ დროისთვის მსოფლიოში 35 800 000-მდე ადამიანია თანამედროვე მონობის მსხვერპლი.