ემზარ კვიციანის ადვოკატის რევაზ კახნიაურის თქმით, პროკურატურამ კვიციანის დარბაზიდან გათავისუფლების სანაცვლოდ დაცვის მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა, თუმცა კვიციანმა უარი განაცხადა.
როგორც კახნიაურმა დღვანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.
„სასამართლო პროცესზე ემზარ კვიციანს არ დაუდასტურდა ის ბრალდებები, რომელიც წაყენებული ჰქონდა. ყველა არგუმენტაცია იყო მის სასარგებლოდ. პროკურორმა ჩვენ შემოგვთავაზა, რომ შეგვიძლია მას გავუფორმოთ საპროცესო შეთანხმება და გავუშვათ დარბაზიდან. მხოლოდ ამისთვის საჭიროა, რომ მან აღიაროს დანაშაული. ემზარ კვიციანმა ამაზე რა თქმა უნდა უარი განაცხადა", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს, კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენს არ ეთანხმება კვიციანის ოჯახი. ისინი ემზარ კვიციანის საქმეზე კომისიის შექმნასა და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.