სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე საჯაროდ საუბრობს დეტალებზე თუ როგორ სცემა ციხის ბადრაგმა სამი პატიმარი მათ შორის მისი ქმარი. როგორც მსჯავრდებულის მეუღლე აცხადებს ინციდენტი 4 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოხდა და ბადრაგმა ერთ საქმეში ბრალდებული სამი პატიმარი ძმები გ. შ, გ. ს და ნ. თ. სასტიკად სცემა.
,,ცემის ფაქტი 4 ნოემბერს სასამრთლოს შენობაში მოხდა. სასამართლოს შენობაში მიყვანამდეც ბადრაგი გამაღიზიანებლად იქცეოდა, უნდოდათ მსჯავრდებულები პროვოკაციაზე წამოეგოთ", _ აცხადებს მსჯავრდებულის მეუღლე. ,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე რა გახდა დაპირისპირების მიზეზი აცხადებს.
,,სასამართლოს შენობაში მიყვანისას ჩემი მაზლი გ.ს. და ნ.თ წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთად შეიყვანეს ხოლო ჩემი მეუღლე გ.ს ცალკე. ჩემმა მაზლმა ეს გააპროტესტა სიტყვიერად და კითხვა დასვა, რატომ შეიყვანეს ცალკე მისი ძმა. ამას კი სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა ჩემს მაზლსა და ბადრაგს შორის. თუმცა ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა, სასამართლო სხდომის შემდეგ დაახვედრეს ნიღბიანი, უნიღბო ადამიანები და სამივე მათგანი სცემეს. სამივე მსჯავრდებული ისეთ მდგომარეობაში იყო ციხემ არ მიიღო და საქალაქო საავადმყოფოში გააგზავნეს. ჩვენც როცა ეს ამბავი გავიგეთ ჩავრიეთ ექსპერტები, ექიმი, ნერვოლოგი, ადვოკატები და მათგან ვიცი, რომ ჩემი მაზლის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო", _აცხადებს მსჯავრდებულის მეუღლე, რომელმაც ამ ეტაპზე საკუთარი გვარ-სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მსჯავრდებულები უკვე ქუთაისის #2 ციხის დაწესებულებაში იმყოფებიან. ,,ახლა უკვე ციხეში არიან. როგორც ვიცი ტვინის შერყევის გამო 21 დღიანი წოლითი რეჟიმით ჰქონდათ", _განაცხადა პატიმრის მეუღლემ.
მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით საქმე წინააღმდეგობის გაწევის მუხლითაა აღძრული.
,,საქმე აღძრულია წინააღმდეგობის გაწევის მუხლით იმათ მხრიდან. ვფიქრობ, ამით ბადრაგებმა თავი დაიზღვია, რადგან პატიმრები იმდენად ნაცემი იყვნენ იცოდნენ ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნებოდა და თავად შეიტანეს სარჩელი. ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია უფლებადამცველ ნანა კაკაბაძემ რომელმაც მინისიტრის მოადგილესთან დარეკა გავიგეთ რომ მომხდარზე საქმეა აღძრული", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ერთ-ერთ ნაცემი პატიმრის მეუღლემ.