ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს 51 წლის მოქალაქეს, ე. წ. კანონიერ ქურდ ჯუმბერ გუგავას უკრაინის საზღვრები დაატოვებინონ. დამნაშავეთა სამყაროში მას ,,ბინოს" ზედმეტსახელით იცნობენ. მას 5 წლის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. ვიდრე უკრაინული მხარე სასამართლოს დადგენილებას სისრულეში მოიყვანს, გუგავა კიევის ჩერნიგოვსკი რაიონში მდებარე არალეგალი მიგრანტების სპეცმიმღებში გადაიყვანეს.
არალეგალი მიგრანტების სპეცგანყოფილებაში იმყოფება, ასევე, ოთხი ქართველი ,,კანონიერი ქურდი", რომლებიც უკრაინაში გუგავაზე ადრე დააკავეს. ესენი არიან: რამაზის, პოლიკარპეს, გუგას და კუწუს სახელით ცნობილი ,,ავტორიტეტები".
უკრაინული მედიის თქმით, ბინოს მომავალი ბედიც, ,,ქურდად" დარჩება ისტორიას თუ სხვა განაჩენს გამოუტანენ, მიგრანტების სადგომში გაირკვევა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთ ციხეში გადაღებული ვიდეო, სადაც საკანში მყოფი პატიმარი ცოცხით ხელში ოთახს გვის. გადაღებული პიროვნება ძალიან ჰგავს ჯუმბერ გუგავას. ამ ფაქტის გამო, მას ,,ქურდულ სამყაროსთან" თავის მართლებამ მოუწია. ის ამტკიცებდა, რომ კადრები დამონტაჟებული იყო და ხსენებულ ვიდეოსთან საერთო არაფერი ჰქონდა.
შგახსენებთ, რომ ჯუმბერ გუგავა, იგივე ბინო, კიევში 13 ნოემბერს დააკავეს.გუგავა წარსულში რამდენჯერმე არის ნასამრთლევი, როგორც საქართველოში, ასევე ყაზახეთში და სასჯელაღსრულების სისტემაში, საერთო ჯამში, 23 წელი აქვს გატარებული.
ინტერპოლის ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთში დაბადებული გუგავა ქურდული სამყაროს წარმომადგენელია, რომელსაც ,,ქურდის" სტატუსი 1986 წელს უკრაინის ქალაქ დონეცკში მიანიჭეს.
კრიმინალურ სამყაროში ჯიმშერის, ჯიმის და ბინოს სახელით არის ცნობილი.
მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუმბერ გუგავა უკრაინაში რუსეთის საზღვრის გავლით არალეგალურად ჩავიდა. უკრაინის ტერიტორიაზე ის რამდენიმე ბანდიტურ დაჯგუფებას აკონტროლებდა, რომლებიც საცხოვრებელი ბინებისა და მანქანების გაძარცვით იყვნენ დაკავებული.
ეს ჯგუფები გუგავასთან ერთად უკრაინაში 2013-14 წლებში ჩავიდნენ.
დაკავების დროს გუგავამ ფალსიფიცირებული საბუთები წარადგინა. როგორც აღმოჩნდა, ნაძარცვი პასპორტების ბლანკებით ის თავისი დამნაშავეობრივი ჯგუფის წევრებსაც უყალბებდა საბუთებს, რომლებიც უკრაინის დიდ ქალაქებში ,,მოღვაწეობენ".
უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ამ ჯგუფების მოქმედებები აღკვეთილია.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა უწყების ოპერატიული სამსახურები იუწყებიან, უკრაინაში თავშეფარებული ,,კანონიერი ქურდების" დევნის სპეცოპერაციები გძელდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კიევში ე. წ. ,სხოდკა" გამოვლინდა, სადაც ასევე სამი ,,ქურდი" დააკავეს.