ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის „ სამიტის ნაადრევად დატოვებისა და ოფიციალურ სადილზე არდარჩენის მიზეზებზე საუბრობს. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, სადილამდე ის სიტყვით ორ პლენარულ სესიაზე გამოვიდა და რუსეთის პოზიცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქსირა. პუტინი კატეგორიულად უარყოფს დასავლელ ლიდერთა მიერ მისთვის შექმნილ დისკომფორტს და აცხადებს, რომ ავსტრალიურმა მხარემ რუსეთის დელეგაციისთვის კომფორტის შესაქმნელად ყველაფერი გააკეთა.
„გაკვირვებულიც კი ვიყავი იმ სითბოთი და პატივისცემით, რომლითაც ავსტრალიელებმა მიგვიღეს. არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ ისინი მართლაც აპლოდისმენტებით გვხვდებოდნენ. რაც შეეხება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემთან შეხვედრამდე გაკეთებულ ხისტ განცხადებებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეხვედრისას მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა,"-განაცხადა პუტინმა.
სამიტის დაწყებამდე ავსტრალიის პრემიერი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინაში მალაიზიის კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების გამო მწვავე საუბარი ექნებოდა. დიდი ოცეულის სამიტზე კი მსოფლიო ლიდერები პუტინის მიმართ ნეგატიურ განწყობას ვერ მალავდნენ. ავსტრალიის პრემიერმა კრემლის ლიდერს „უკრაინიდან გათრევა" მოსთხოვა, სამუშაო ლანჩზე კი პუტინი მაგიდასთან მარტო დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები